ყველაფერი 2018 წლის საატესტატო გამოცდების შესახებ

17 Feb 2018 01:13

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის საატესტატო გამოცდები განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და ქულების – 5.5 სისტემა უქმდება,მაღალკლასელები არაერთ კითხვას სვამენ. გაჩნდა ეჭვები და მოსაზრებები უარყოფით შედეგებზე, გამოცდის გართულება–გამარტივებაზე და სხვ.

მოსწავლეები ინტერესდებიან, შეძლებენ თუ არა ინფორმაციის მოგვიანებით მიღებას, თუ რა ქულაზე შეფასდნენ ამა თუ იმ გამოცდაზე, თუმცა გამოცდების ცენტრში EDU.ARIS.GE–ს განუმარტეს, რომ ცვლილება სწორედ ქულების არარსებობას გულისხმობს და რადგან გამოცდაზე ქულა აღარ დაიწერება, მისი მოგვიანებით გაგებაც ვერ მოხდება.

რამ განაპირობა და რას ემსახურება საატესტატო გამოცდაზე ქულების სისტემის გაუქმება ამ საკითხებზე და მოსწავლეების სხვა კითხვებზე EDU.ARIS.GE–ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი პასუხობს:


–ქალბატონო მაია, რა იყო მიზეზი და რას ემსახურება სკოლის გამოსაშვები გამოცდების ქულების სისტემის ცვლილება?

მაია მიმინოშვილი: საატესტატო გამოცდები ზოგადად სასერტიფიკაციო ტიპის გამოცდაა, რომელსაც თავისი სპეციფიკა აქვს და განსხვავდება სასელექციო ტიპის გამოცდისგან, სადაც ქულას მართლაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გაგახსენებთ, რომ სასერტიფიკაციო ტიპის გამოცდას ჩვენ მასწავლებლების შემთხვევაში ვიყენებთ, სადაც მთავარია, მან გადალახოს ბარიერი და მნიშვნელობა არ აქვს რამდენი საფეხურით ზევით იქნება ეს ბარიერი გადალახული.

იქიდან გამომდინარე, რომ გამოსაშვები გამოცდა სასერტიპიკაციო იყო, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეს გადაელახა ზღვარი და არ ჰქონდა მნიშვნელობა კონკრეტულ ქულას, თუმცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მაშინ არ მიიღო ჩვენი ეს შენიშნვნა და ჩვენ იძულებულნი გავხდით, რომ შკალა, რომლითაც მოსწავლეების ცოდნა იზომება მათთვის ნაცნობ შკალაზე გადაგვეტანა და ყოფილიყო 5–დან 10 ბალიანი სისტემის. საბოლოო ჯამში, ეს მნიშვნელოვანი სიახლე წელს დაინერგება და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შევჯერდით განათლებისა და მცენიერიბის სამინისტროსთან ამ საკითხზე.

– გამოსაშვებ გამოცდაზე ქულების გაუქმებამ გააჩინა მოსაზრება, რომ შესაძლოა, გამოცდები ისე გართულდეს ან გამარტივდეს, რომ ამის შესახებ აღარ გახდეს ცნობილი მოსწავლეებისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილთა რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს და საზოგადოება მტკივნეულად უყურებდა ამ საკითხს…

სამწუხაროა ისევ ამაზე საუბარი რომ გვიწევს, ვინაიდან, რამდენიმე წელია ეს სისტემა დავნერგეთ და იმედი მქონდა, რომ კარგად გავერკვიეთ ამ სისტემის მუშაობის პრინციპებში. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ან მე, ან ვინმემ, ამ სისტემის გამარტივებას ან გართულებას ვერ მოვახერხებთ, რადგან მარტივად რომ გითხრათ, რა სირთულის დავალება მიუვა მოსწავლეს მხოლოდ და მხოლოდ მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ალგორითმი ასე მუშაობს, თუ დავალებებზე სწორად სცემს მოსწავლე პასუხს, მას ეტაპობრივად გაურთულდება დავალებები და პირიქით.

აქედან გამომდინარე, რთული დავალება მიუვა მოსწავლეს თუ მარტივი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ამიტომ არის ეფექტური ეს სისტემა.

–გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი ცვლილებით ბარიერისს გადალახვა არ გართულდება?

–არანაირად არ იცვლება ბარიერი. როგორც წინა წლებში შეეძლო მოსწავლეს დაედასტურებინა, რომ მინიმალურ კომპეტენციას ფლობს საგანში, ზუსტად ისეთივე პრინციპი იქნება ახლაც. ანუ ბარიერის აწევა და მეტი მოთხოვნები ნამდვილად არ არის გათვალისწინებული. ეს სისტემა არც ბარიერის აწევის კუთხით არ რთულდება და არც მარტივდება. როგორიც იყო, ისეთი იქნება.

გამარტივება კი ბარიერის დაწევით უკვე შეუძლებელია, რადგან 5.5 იყო ბარიერი და ამაზე დაბალი წარმოუდგენელია იყოს.

– კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, დაახლოებით რამდენ კითხვას უნდა უპასუხონ მოსწავლეებმა სწორად, რომ ბარიერი გადალახულად ჩაეთვალოთ?

– ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის დავალებაზე სცემს მოსწავლე პასუხს. შესაძლებელია, საშუალო სირთულის რამდენიმე დავალებას გასცეს პასუხი და ეს სრულიად საკმარისი იყოს, იმისათვის, რომ დაახლოებით 40 კითხვიდან 13 შეკითხვაზე სწორი პასუხით ზღვარი გადალახოს. თუ მხოლოდადამხოლოდ მარტივ დავალებებს სცემს პასუხის, შესაძლოა, 17-19 კითხვა დასჭირდეს. ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. ალგორითმი ძალიან კომპლექსურია და სწორედ ასე მუშაობს. დამოკიდებულია არა მხოლოდ სწორად პასუხგაცემული დავალებების რაოდენობაზე, არამედ იმაზეც, თუ რა ტიპის  დავალებებს სცემს მოსწავლე პასუხს. კითხვები არის მარტივი, საშუალო სურთულის თუ ა.შ.

–შეფასების გაუქმებამ უკმაყოფილება გამოიწვია აბიტურიენტების ნაწილში. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა სხვადასხვა დონის მოსწავლეების გათანაბრება. მაგალითად, ვერ ხვდებიან, რატომ უნდა იყვნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც 5.51 მიიღეს გათანაბრებული  მათთან, ვინც გამოცდაზე 9.99 მიიღო?

– არავის ცოდნა არ თანაბრდება. მოდით ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ქულები, რომლებსაც იღებდნენ მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების დროს, არანაირი დატვირთვის მქონე არ იყო. პირობითად 5.51 ქულა რომ მიეღო რომელიმე საგანში მედალოსან მოსწავლეს ის მედალს მაინც მიიღებდა.

ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი ის არის, სკოლა როგორ აფასებს მოსწავლეს. მე პირადად, ნამდვილად მოხარული ვიქნებოდი სკოლებს და ჩვენ, ანუ ჩვენს ორგანიზაციას, გაგვეზიარებინა ის პასუხისმგებლობა თუ როგორ ვაფასებთ მოსწავლეებს. ბუნებრივია, მე პირადად ვფიქრობ, რომ ლომის წილი მოსწავლეების შეფასებისა სკოლაზე უნდა მოდიოდეს, რადგან გულწრფელად გეტყვით, რაც არ უნდა იდეალური საგამოცდო მოდელი მოვიგონოთ და რაც არ უნდა იდეალური შემფასებლები გვყავდეს, სკოლის შეფასებას არაფერი შეედრება. რადგან 12 წლის განმავლობაში მოღვაწეობს მოსწავლე სკოლაში და მასწავლებელზე კარგად არავინ იცის საკუთარი მოსწავლის შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე რამდენად კარგია მოსწავლე, რამდენად წარმატებული და ა.შ. ბუნებრივია ფასდება სკოლის მიერ და ეს ძალიან კარგია.

გამოსაშვები გამოცდების დატვირთვა ის გახლავთ, რომ ამით მოსწავლე კიდევ ერთხელ ადასტურებს ფლობს თუ არა კონკრეტულ საგანში მინიმალურ კომპეტენციას, თორემ გავლენა ამ გამოცდებს არაფერზე არ აქვს.

ვფიქრობ, მოსწავლეებმა უნდა მოიხსნან სტრესი და ეს ასეც იქნება.  სიტყვაზე, ზოგიერთ მოსწავლეს მშობელი რომ ეუბნება: ათიანს თუ ვერ გამოიტან, ასე იქნება თუ ისე – ეს აღარ იქნება. ვერც მასწავლებლები ვეღარ წაუყენებენ ზედმეტ მოთხოვნებს მოსწავლეებს, რომ თუ ათოსანი ხარ გამოცდიდანაც 10 ქულა უნდა გამოიტანოო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ გამოცდებმა თავისი დატვირთვა დაიბრუნა.

მინდა ერთი რამ დავამატო, როცა განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს ახალი საგამოცდო სისტემა შემოეღო, მაშინ ჩვენ არ ვიყავით თანახმა ასეთი რამ გაკეთებულიყო და ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ სკოლა ისედაც იმდენი გამოწვევის წინაშე იდგა, რომ უმჯობესი იყო ჯერ ეს დაგვეძლია და შემდგომ მოგვეთხოვა გამოცდების ჩაბარება, თუმცა ჩვენი მოსაზრება არ გაიზიარა მაშინდელმა მინისტრმა და მაინც შემოიღო ეს ცვლილება. ჩვენ იმ დღიდან ვსაუბრობდით, რომ ამ გამოცდების დატვირთვა უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორსაც ახლა ვაპირებთ რომ დავნერგოთ.

-ქალბატონო მაია, გაჩნდა მოსაზრებაც, რომ აღნიშნული ცვლილების შემოტანა იმის შედეგია, რომ სისტემაში დაინერგა ახალი პროგრამა, რომელიც ხარვეზიანი აღმოჩნდა, ვერ ითვლის ქულებს და შესაძლოა, რომ ამის შედეგად მოსწავლეები უმიზეზოდ ჩაიჭრან…

– მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები რა უნდა ვთქვა. ამდენი წელია პროგრამა გამართულად მუშაობს და ახლა იმისთვის, რომ ახალ სისტემაზე გადავიდეთ, პროგრამაში კონკრეტული მიზერული ცვლილებები იქნება განსახორციელებელი და ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ იმ ჭორებს რომ ქულებს არ ინახავს და ა.შ. ამაზე პასუხი სრულიად არასერიოზულია.

– რაც შეეხება 2018 წლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების თარიღს, რომელ თვეში ჩატარდება გამოცდები და რა პერიოდი იქნება ამისთვს განსაზღვრული?

– ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის  მთავრდება სასწავლო პროცესი. რამდენადაც მე ვიცი მე-12 კლასელებისთვის სასწავლო პროცესი 20 მაისს სრულდება და მაისის ბოლოს იქნება გამოცდებიც. ერთი დღე ამოსუნთქვის საშუალებას მივცემთ ჩვენს მოსწავლეებს და 21-22 მაისიდან დაიწყება გამოცდები. თუმცა მოგვიანებით უფრო ზუსტ თარიღს გამოვაცხადებთ.

რაც შეეხება პერიოდს, გამოსაშვები გამოცდები რეალურად 4-დღიანია, ვინაიდან მოსწავლეებს 4 საგანში უწევთ გამოცდის ჩაბარება 12 კლასში. როგორც წესი, ჩვენ ერთი სარეზერვო დღე გვაქვს აღებული, თუ რომელიმე სკოლაში ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნა – ინტერნეტი გაითიშა ან რაღაც სხვა მოხდა. მართალია, ასეთი ფაქტები იშვიათად ხდება, თუმცა ერთი დღე მაინც გვაქვს. ანუ, რეალურად 5 დღე გამოდის.


წყარო: edu.aris.ge

კომენტარები:

ფართი შოპი