ლაშა შაკულაშვილი - ბავშვობა და შალომ ალეიხემი, ანუ მოგზაურობა იერუსალიმში

15 Feb 2018 00:30

ადამიანები ებრაელებად დაარაებრაელებად რატომდაიყვნენ,

რატომ დაიყვნენ ბატონებად დამონებადმდიდრებად დაღარიბებად?“ 

შალომ ალეიხემი, „ტევიემერძევე და მისი ქალიშვილები

 


 

1994 წლის აგვისტოს ცხელი დღე იდგა. ყვავილებით შეფუთულ დიდ ჭიშკართან ჩამომსვეს, რომელიც მომღიმარმა ქალმა გააღო და თბილად მომესალმა. სახლში შესვლისას მომიტრიალდა და მითხრა „I will bring your skies” (შენს თხილამურებს მოვიტან) და ქეჩები გამომიწოდა. მოგვიანებით, ჩემი ასაკის გაგებისას დედამისს გადაულაპარაკა „он же маленький” (ის ხომ ასეთი პატარაა), თუმცა აღმოჩნდა რომ ერთ დღეს ვართ დაბადებული და ისიც დათანხმდა ჩემთვის ესწავლებინა ინგლისური და რუსული, რასაც შემდგომში მსოფლიოს გეოგრაფია და ისტორიაც დაემატა.


ასე მოვხვდი რუსი ებრაელისა და ქართველი ებრაელის სეკულარულ, ხელოვან და კოსმოპოლიტ ოჯახში. იმ დროს არც შუქი იყო, არც გათბობა და მეც ერთი სული მქონდა, მივსულიყავი იქ, სადაც მიყვებოდნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხისა და იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ. აქვე შემაყვარეს ებრაული დღესასწაულები და აშკენაზი (ევროპელი ებრაელი) მწერლების ნაწარმოებები, განსაკუთრებით კი შალომ ალეიხემი.


90-იანი წლების დიდი ალიას დროს (მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გაბნეულ ებრაელთა ასვლა აღთქმულ მიწაზე) ისრაელში არ წასულან. ამ თემაზე არ საუბროდნენ.



29.01.2018

ლატვიელი მესაზღვრე დიდხანს ათვალიერებს ჩემს ორივე პასპორტს. შემდეგ კოლეგას ურეკავს და ცდილობს მისგან გაიგოს, საქართველოს მოქალაქეს ისრაელში შესასვლელად ვიზა სჭირდება, თუ არა. უხმოდ გამატარეს და სპეციალური შემოწმების ოთახისკენ მიმითითეს.


სამყაროში ორი დიდებული ადგილია, სადაც ყველაზე მეტად აქტიურდება ტვინის შემოქმედებითი მხარე; ერთი აბაზანაა, მეორე კი თვითმფრინავი. ვზივარ ფანჯარასთან და მხოლოდ მაშინ მახსენდება, რომ გეგმა არ მაქვს, არც რაიმე აპლიკაცია დამიყენებია და ზუსტად არც კი ვიცი იქ რა მინდა. შემდეგ კი მახსენდება ჩემი 2018 წლის გადაწყვეტილება – ნაკლები გეგმა და მეტი ნდობა სამყაროს მიმართ.


ბენ გურიონის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის რიგი მოკლე, თავად შემოწმების პროცესი კი – ხანგრძლივი აღმოჩნდა. ბევრმა მირჩია, რომ ირანის ბეჭდიანი პასპორტი დამემალა, მე კი პირდაპირ ის გავუწოდე მესაზღვრეს. პასპორტს დიდი ხანი უცქირეს, შემდეგ გადარეკ-გადმორეკეს და გაღიმებული სახით მიმითითეს პატარა ოთახისკენ. რამდენიმე შეკითხვის დასასმელად.


პატარა ოთახი მალევე ივსება რუსულენოვანი მგზავრებით, რომლებიც უფრო და უფრო ხმამაღლა ლანძღავენ აეროპორტს, ქვეყანას და ერს. მე კი ყვავილებით შეფუთულ სახლში ნასწავლი ფრაზა მიდგას წინ – „ღმერთმა ორი ყური და ერთი პირი მოგცა. რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებ, მეტს ისწავლი“.


4 საათის შემდეგ კიდევ უფრო პატარა ოთახში შემიყვანეს დაკითხვაზე. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ლაშა შაყულაშვილზე, ირანზე, ადამიანებისა და შემოქმედის ურთიერთობაზე, სამყაროზე და შალომ ალეიხემზე. შემიშვეს.


აეროპორტი გაბრაზებულმა დავტოვე იმ 5 საათის გამო, რომელიც მოგზაურობამ დაკარგა. ტრანსპორტში არ ჩავჯექი და ფეხით გავუყევი თელ-ავივის გზას. 30 წუთის შემდეგ იერუსალიმის და აშდოდის გზების გასაყარზე ვიდექი. ვერაფერი გავაჩერე და ისევ ფეხით გავუყევი გზას უახლოეს პატარა ქალაქამდე.

უცებ მანქანა მისიგნალებს და ტაქტის მოხუცი მძღოლი მიყვირის: „არ იცი რა ვითარებაა ამ ქვეყანაში?! ვინმე რომ ძალით დაგეჯახოს?! დაჯექი და უახლოეს დასახლებამდე უფასოდ მიგიყვან!“. მანქანაში მოკალათების შემდეგ ვერ მოვითმინე და მოვუყევი დაკარგული ხუთი საათის შესახებ და ისიც გაღიმებული მპასუხობს:

„ახალგაზრდავ, იცით რა წერია თორაში? თქვენ ვერასოდეს გაიგებთ შემოქმედმა რა განსაცდელს აგარიდათ იმ ხუთი საათის განმავლობაში, რომელიც თქვენ იმ ოთახში გაატარეთ“.

ვერაფერი ვუპასუხე.

სულ რაღაც 62 შეკელად მიმიყვანა იერუსალიმში იაფოს ჭიშკართან. დამემშვიდობა და ეს დამიბარა:

“დღეს საღამოს ვია დოლოროსა აიარე, შემდეგ იესოს საფლავთან მიდი, სომხურ უბანში ფალაფელი ჭამე და მამილას ჩაუყევი შებინდებისას. დილას ადრე ადექი და გოდების კედელთან მიდი, ღმერთს დაელაპარაკე და მზის ამოსვლასაც იქ შეხვდი. შემდეგ ჯვრის მონასტერში შეიარე და შოთა რუსთაველის ფრესკა ნახე.”

30.01.2018

გოდების კედელთან 7 საათზე მივედი და მთელი დილა სიარულში და აღმოჩენებში გავატარე ისე, რომ ხმა არ ამომიღია. შოთა რუსთაველის ფრესკასა და ქართულ წარწერებსაც დიდი ხანი ვუცქირე.

11 საათზე იაფოს ჭიშკართან ყოველდღიურ უფასო ექსკურსიას შევუერთდი და უამრავი რამ გავიგე იერუსალიმის შესახებ. გიდს 10-20 ევრომდე უნდა აჩუქოთ.

აეროპორტისაკენ მიმავალ გზაზე ბევრი ვიფიქრე იქაურ ცხელ მზეზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც დღემდე ყველაფერს ტოვებენ და ციონიზმის იდეის რწმენით ადიან ისრაელში. გამახსენდა რაჭის, შიდა ქართლის, იმერეთის და სამცხე-ჯავახეთის დაცლილი სოფლები და გამოკეტილი სინაგოგები.


ერთი რამ ნამდვილად ვიცი – იერუსალიმში ცოტა უნდა ისაუბრო და ქალაქს მოუსმინო; ხელით უნდა შეეხო ნებისმიერ ქვას, რომლის ქვეშაც 4000 წელზე მეტი ხნის ისტორია იმალება. გაიარო არაბული ნაწილი და აუცილებლად შეევაჭრო გამყიდველს. ახვიდე სომხური უბნის რომელიმე სახლის თავზე და გადახედო ქალაქს. და დილას ადრე ადგე, რომ დაინახო როგორ ირეკლავს მეჩეთის ოქროსფერი სახურავი მზის სხივებს, როგორ რეკავენ ზარებს ტაძრებში და როგორ იკრიბებიან მლოცველები გოდების კედელთან.

კომენტარები:

ფართი შოპი