„ბავშვობის ცხოვრების წესი ინერციით გრძელდება“- მარი მიქაძის და WEX international camp-ის წარმატების ისტორია

"დღეს ტურიზმი გაჩერებულია, ბანაკიც... პანდემია გამოწვევაა. უნდა გადავრჩეთ და გავიმარჯვოთ!" - მარი მიქაძე 

 

 ბავშვობა


გამორჩეული და აქტიური ბავშვობა მქონდა. 5 წლის ვიყავი ჩემს ქალაქში, წყალტუბოში, საზაფხულო თეატრის გრანდიოზული გახსნა მოეწყო. მაშინ პირველად წავიკითხე დიდი აუდიტორიის წინაშე სამსტროფიანი ლექსი და მერე სცენიდან და ეკრანიდან არ ჩამოვსულვარ. ????  ყველა მხატვრულ ღონისძიებაზე ან წამყვანი ვიყავი ან ლექსს ვკითხულობდი ან სპექტაკლში ვმონაწილეობდი.


ძალიან განებივრებული ვიყავი ყურადღებით, ქალაქში თითქმის ყველა მიცნობდა. ???? კარგად ვკითხულობდი ლექსებს, პროზას, „მხატვრული კითხვის ოსტატის“ წოდებაც მომანიჭეს მოსწავლეთა ერთ-ერთ ოლიმპიადაზე.


ჩემს ბავშვობაში „დოგმა“ და კარგი ტონი იყო: სკოლის გარდა ათასნაირ წრეზე ან სტუდიაში უნდა გევლო, ჰოდა თუ რაიმე ტიპის წრე იყო, თითქმის ყველგან დავდიოდი: მხატვრული კითხვის წრე, თეატრი, ცეკვა, მუსიკალური შვიდწლედი, ინსტრუმენტული ანსამბლი, ხატვა, ჭადრაკი, ფოტოგრაფია, ხელბურთი, ქსოვა... ახლაც მიკვირს, როგორ ვასწრებდი, თან სკოლაშიც წარმატებული ვიყავი.


ამ გადასახედიდან, ვფიქრობ, დრო ნამდვილად არ დამიკარგავს და მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებსა და ბებოს. ყველაფერი გამომადგა და რაც მთავარია, ბავშვობის ცხოვრების წესი ინერციით გრძელდება, ყოველთვის რაღაცას უნდა ვაკეთებდე, რაიმე სასარგებლოთი უნდა ვიყო დაკავებული, რაც განვითარებაში შემიწყობს ხელს.


პროფესია 


მერე იყო „დიდი ავიაცია“, ჟურნალისტიკა, ჩემი საოცნებო პროფესია. იქაც მედიის ყველა მიმართულება „გავიარე“: რადიოც, პრესაც და ტელევიზიაც... ????ამასობაში ჩემი ცხოვრების ახალი ადამიანები „დავიმგზავრე“: ჯერ ჟურნალისტი მეუღლე, მერე ჩვენი  ბიჭი და გოგო - რომლებზეც აუცილებლად ისე უნდა მეზრუნა, როგორც ჩემზე ზრუნავდნენ ჩემი მშობლები და ბებო. ჰოდა, დავდიოდით სკოლაში, წრეებზეც, რეპეტიტორებთანაც... ეს ის პერიოდია, როცა ჩვენი ქვეყანა რევოლუციამ ახალ რელსებზე გადაიყვანა და მეტი მიმზიდველობა მიანიჭა ტურისტებისთვის.




საკუთარი საქმე


ჩვენ, ორმა ჟურნალისტმა, ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი საოჯახო ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტეთ, მთელ რიგ სპეციფიურ საკითხებში გავერკვიეთ და ტურისტული კომპანია „World Express“-ი დავაარსეთ.  არ იყო მარტივი.  თუმცა, როცა აცნობიერებ, რომ შენ ხდები შენი ქვეყნის სახე სტუმრისთვის, მოგზაურობის ისტორია  ტრაპიდან - ტრაპამდე სტუმარს შენ უნდა დაუწერო. პასუხისმგებლობა, შიში, სიამაყე და გამარჯვების ჟინი ერთად გიპყრობს. ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებულად ვაკეთეთ და ვაშენეთ კომპანია, რომელიც ჩვენი მესამე „შვილია“ .


ტყუილად არ ვახსენე ჩემი ბიჭი და მისი სწავლა-განათლების ამბები. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ უცხო ენის შესწავლა რუტინული და მოსაწყენი გახდა მისთვის. ჰოდა, დავიწყე ისეთი რეპეტიტორის და გარემოს ძებნა, სადაც თამაშ-თამაშით შეასწავლიდნენ და უცხო ენაზე დააწყებინებდნენ აზროვნებას, სადაც სხვა გამოსავალი არ ექნებოდა და მხოლოდ უცხო ენაზე ისაუბრებდა. ვეძებე, ვეძებე და... გაჩნდა იდეა - შეგვექმნა ბანაკი, სადაც ბავშვები ამ პრინციპით იცხოვრებდნენ თითქმის მთელი თვე. კომპანიას ახალი მიმართულება - ტრენინგის დეპატრამენტი დაემატა. საბანაკო ცხოვრების გამოცდილება ჩემი ბავშვობიდან „გამოვიძახე“. ხომ გითხარით, სკოლაში წარმატებით ვსწავლობდი-თქო და სკოლამ  საკავშირო ბანაკის „არტეკის“ საგზურით დამასაჩუქრა (ჩემი ბავშვობა საბჭოეთს დაემთხვა ????). ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა იქ გატარებული დრო. მინდოდა, ჩემსავით ასეთი და უკეთესი ემოციები მიეღოთ ჩვენ ბანაკელებსაც.


დიდი გამოწვევა 


დიდი გამოწვევა იყო. ბავშვების სიყვარული, მათზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა ზენიტში უნდა გქონოდა. გარდა იმისა, რომ მათთვის უცხო ენა გვესწავლებინა (20 დღის მანძილზე ინგლისურის გარდა სხვა ენაზე საუბარი ეკრძალებათ), სხვა უნარების განვითარებაზეც უნდა გვეზრუნა. ზოგი მათგანი პირველად ტოვებდა ოჯახს და მოდიოდა ჩვენთან მთელი 20 დღით. ჩვენ ვხდებოდით მათი დედ-მამა, ბებია-ბაბუა, მეგობარი, და-ძმა და მასწავლებელიც... გავაცნობიერეთ, ჩავისუნთქეთ და ბანაკის პირველი ნაკადი 10 წლის წინ, ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს 16 ბავშვისგან შემდგარი ჯგუფით გაემგზავრა ბაკურიანში... ბანაკი შედგა ისეთი, როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო! მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პროექტმა ფინანსური წარმატების ნაცვლად დოტაცია მოითხოვა, იმდენად გვჯეროდა იდეის, არ გავჩერდით და დღეს ასეთი სტატისტიკა გვაქვს: ბანაკი საერთაშორისო დონისაა, ყოველწლიურად 12 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს და ბავშვების რაოდენობა თითოეულ ნაკადში 150-200 ბავშვია. ჩვენი ბანაკი მულტიკულტურული ოჯახია.  წელსაც, პანდემიის მიუხედავად,  ზაფხულის ბანაკში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად რამდენიმე უცხოელი მონაწილე გვსტუმრობდა. კიდევ რითია გამორჩეული ჩვენი ბანაკი? - ე.წ. „კურსდამთავრებულებს“ ვასაქმებთ, ეს ახალი გამოცდილებაა მათთვის და მოტივაცია -ბანაკის მონაწილეებისთვის. 



ამაყი ვარ, რომ ჩემმა გუნდმა ეს შეძლო:  ბანაკი „WEX international camp“ ის ადგილია, სადაც ერთხელ ნამყოფი ბავშვი ყოველთვის უკან, ისევ ბანაკში ბრუნდება ემოციების გასაახლებლად. ყველ მონაწილე საკუთარ თავს „WEXელს“ ეძახის და ეს ასეცაა, ისინი ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან. "ესაა მეორე ოჯახი, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს და თავისუფლებას "სუნთქავ". ეს ბანაკის ერთ-ერთი წევრის შეფასებაა. „WEX - ჩემთვის ადგილია, სადაც არ ვთამაშობ, მე მე ვარ და თავისუფლებით ვტკბები" - ესეც ბანაკის ერთ-ერთმა ერთგულმა  წევრმა თქვა. ვთვლი, რომ ეს სიტყვები  უკვე ჩვენი გამარჯვებაა.


ახალი შესაძლებლობები 


ზუსტად ერთი წლის წინ წერილი მივიღე ერთ-ერთი ორგანიზაციიდან, სადაც ტრენინგებზე მეპატიჟებოდნენ. განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი დღეები მაჩუქეს მაშინ და მერეც, როცა პანდემია ფარ-ხმალის დაყრას მაიძულებდა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ - მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მეც და ის ქალები, რომლებიც ამ შეხვედრებზე გავიცანი და დავუმეგობრდი, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეთ ჩვენს შესაძლებლობებში. 


მადლობა 


დღეს კი სადაც ვარ და როგორიც ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი მეუღლის უპირობო სიყვარულის, მეგობრობისა და პროფესიონალიზმის, ჩემი შვილების ჩემდამი რწმენის, დედაჩემის თავდადების, მეგობრების ერთგულებისა და ჩემი გუნდის პროფესიონალიზმის დამსახურებაა. მადლიერი ვარ უფლის, რომ ამ ყველაფრის ღირსი გამხადა.



პასუხისმგებლიანი ქალი მეწარმე 


ბავშვობაში მინდოდა „წარმატებული ადამიანი“ გამოვსულიყავი. ???? როცა ბევრი რამე გავაცნობიერე, მივხვდი, რომ „პასუხისმგებლიანი ადამიანი“ უნდა გამოხვიდე. რადგან, ვფიქრობ, პასუხისმგებლობა ის თვისებაა, რაც ბევრი პრობლემისგან დაგიცავს და წარმატებისკენ გზას გაგიმარტივებს.  


სამომავლო გეგმები


ბანაკის დაარსების დღიდან მაქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სურვილი: მასში მონაწილობა მიიღონ წარმატებულმა ბავშვებმა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ჩვენი კომპანია ყოველწლიურად  ერთი ან ორი ასეთი სტატუსის მქონე ბავშვის ბანაკში მონაწილეობას აფინანსებს, თუმცა ეს საკმარისი არაა. ვეძებ გზებს, რომ ეს პრობლემა გადავჭრა, მაგრამ სამწუხაროდ,  ჯერ არ ჩანს. ერთ ამბავსაც გეტყვით ჩვენ ბანაკელებზე: მონაწილეები ყრუ-მუნჯთა საერთაშორისო ინგლისურ ენასაც სწავლობენ. ამ იდეის მიზანია  ჩვენი მონაწილეების ინტეგრირება შშმ ბავშვთა საზოგადოებაში და არა პირიქით, რომ ამით თანდათან ხელი შევუწყოთ ბანაკში შშმ ბავშვებისთვის გარემოს შექმნას, რომ ისინიც ჩაერთონ ჩვენს პროექტში. მინდა, რომ ეს იდეები განვახორციელო. 


საინფორმაციო პორტალი „მხარე“ წარმატებებს უსურვებს მარი მიქაძეს სამომავლო გეგმების სისრულეში მოყვანაში. ვიმედოვნებთ, ზემოთმოყვანილი ისტორია ბევრი ქალისთვის მეწარმედ ჩამოყალიბების მოტივაციის წყაროდ იქცევა.


წარმოდგენილი მეწარმე ქალები არაინ "ქალი და ბიზნესი“ ტრენინგების სერიის მონაწილეები.

ტრენინგები ჩატარდა 2019 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" ხელშეწყობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.


ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი