ნიკოლოზ სამხარაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

პოლიტიკა 12 Jan 2021 20:27

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანელ დიპლომატს საქართველოს პარლამენტის მიერ საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე ინფორმაცია მიაწოდა და ის საგარეო პრიორიტეტები გააცნო, რომლებზეც საკანონმდებლო ორგანო მთავრობასთან ერთად სამომავლოდ იმუშავებს.


კომიტეტის თავმჯდომარემ ჰუბერტ ქნირშს წლების განმავლობაში გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მათ შორის, ყველა საერთაშორისო ფორუმზე.


მისივე განცხადებით, პარლამენტში მეგობრობის ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგთან ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ორმხრივი ვიზიტები დაიგეგმება.


შეხვედრის ერთ-ერთ თემას საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი წარმოადგენდა, რომლებიც ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ქვეყნის მნიშვნელოვან საგარეო პრიორიტეტებს წარმოადგენენ. მისივე განცხადებით, 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის ემზადება და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერას ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანი იქნება. გერმანელმა დიპლომატმა, კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა გამოუცხადა.


გერმანიის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი