თავი არავინ მოიტყოს, უგვირგვინო მეფე შორს არ მიდის! მისი მახვილი თვალი ყველას და ყველაფერს ხედავს,რადგან ბოლომდე ვერავის ენდობა - ასეთია ყველა დრომოჭმული თვითმარქვია მმართველის ბუნება - ახვლედიანი

პოლიტიკა 12 Jan 2021 20:18

ევროპული საქართელოს წევრი, არმაზ ახვლედიანი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება:


„საბოლოოდ მივდივარო,


სრულად ჩამოვშორდები მართვასო! - ეს ფრაზები ბოლომდე წაკითხული და გააზრებული არც კი გვქონდა, რომ მთქმელი ისევ იმ საჭესთან იდგა, რომელსაც თითქოს დაემშვიდობა.


მემკვირდის მოვალეობის შემსრულებელი ისე შესთავაზა გუნდს, არც კი დაფიქრებულა: თუ მიდიხარ და აპირებ, რომ ჩაეხსნა მართვის სადავეებს, მაშინ რატომ არ აძლევ უფლებას ამ, თუნდაც ასე არადემოკრატიულად არჩეული პოლიტსაბჭოს წევრებს, თავად განსაზღვრონ, ვინ შესთავაზონ კარსმომდგარ ყრილობას პარტიის თავმჯდომარედ. იქნებ, ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის იგი ან სულაც უკვე ყველაზე სტაჟიან პარტიულ დიდმოხელე მერს.


გჯერათ ამ ადამიანის სიტყვის?! ვინმე მართლა ფიქრობთ, რომ ის რეალურად ჩამოშორდება მართვას?! მერე რა, რომ აღარ ექნება უმაღლესი პარტიული თანამდებობა - რაც მას ისედაც არაფრად სჭირდებოდა - მთავარი ხომ გავლენებია, ის, თუ ვის მიიჩნევენ ქვეყანაში მთავარ ანგარიშგასაწევ ძალად: პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მთელს საპარლამენტო უმრავლესობას, პოლიტსაბჭოს თუ, მით უფრო, პარტიის ყრილობას! აბა, კონსტიტუციას და არჩევნების გზით ხალხის ნების გამოხატვას ხომ ფასი რახანია აღარ აქვს! ყველა და ყველაფერი ხომ ბუტაფორიაა, მთავარი ის ერთია გუშინ, დღეს და ბოლომდე, ვიდრე გაუვა! ასე რომ, თავი არავინ მოიტყოს, უგვირგვინო მეფე შორს არ მიდის! მისი მახვილი თვალი ყველას და ყველაფერს ხედავს, მისი გონება კი ყველაფერს მართავს და აკონტროლებს, რადგან ბოლომდე ვერავის ენდობა - ასეთია ყველა დრომოჭმული თვითმარქვია მმართველის ბუნება!


სანაქებო დემოკრატიას ვტოვებო, არადა, დემოკრატიის ნიშანწყალი ვერაფრით დაატყო საკუთარ პარტიას, ქვეყანა კი ავტორიტარიზმის მარწუხებში გახვია!


პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობაა ეს მორიგი “წასვლა”, მაგრამ არავის რომ არ სჯერა! ჰოდა, ამ სამარცხვინო, ქვეყნისთვის დამღუპველი, ბინძური პოლიტიკური თამაშის ავტორს და ყველა თანამონაწილეს უნდა ახსოვდეს, მათი ვითომ ასე ოსტატურად შეფუთული ქვეყნის უსამართლოდ, უტვინოდ და უტიფრად მართვის გეგმა რახანია, გაიშიფრა! ამ თანამედროვე ნეობოლშევიკი ფეოდალების ზრახვებს აღსრულება არ უწერია! დრო ახლა ულმობელი სისწრაფით მოქმედებს მათ წინააღმდეგ. ჩვენი ხალხის, კონსოლიდირებული, ჯანსაღი პოლიტიკური ძალების და შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ერთობლივ ძალისხმევას, რომ საქართველოში დასრულდეს დამღუპველი ერთმმართველობა და დაიწყოს ნორმალური, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, ვეღარაფერი აღუდგება წინ! სულ მალე გვექნება ხალხის და არა ერთი კაცის პარლამენტი და მთავრობა, რაც მტკიცე საფუძველს ჩაუყრის საქართველოში შეუქცევადი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების დაწყებას და წარმატება!.” – აცხადებს ახვლედიანი.



კომენტარები:

ფართი შოპი