მაკა ბოჭორიშვილი ლიეტუვის ელჩს შეხვდა

ეკონომიკა 11 Jan 2021 22:09

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების საკითხებს და თანამშრომლობის ახალ ასპექტებს დაეთმო.


„ლიეტუვა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. ლიეტუვა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომლის რჩევებიც და პოზიციებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ამას დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


შეხვედრზე ელჩმა დაადასტურა ლიეტუვას უპირობო მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებისადმი. მან  გამოხატა მზადყოფნა, რომ საქართველოში განხორციელდეს ლიეტუვას მხრიდან მაღალი დონის ვიზიტები. ელჩმა ასევე აღნიშნა მისი ქვეყნის მხრიდან მზადყოფნა იმისათვის, რომ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესებში კიდევ უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს.


შეხვედრაზე ასევე  ხაზგასმით აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობა და ამ პროცესის რეგულარულ ფორმატში გადაყვანა.


„ვიცით, რომ ახლახან ლიეტუვაშიც იყო არჩევნები. მათ უკვე ჩამოაყალიბეს საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსებით. ლიეტუვას პარლამენტმაც მიიღო რეზოლუცია საგარეო პრიორიტეტების შესახებ, სადაც საქართველოს განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი. შესაბამისად, ფაქტია, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ვიდრე ჩვენ მოვემზადებით იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირში განაცხადი გააკეთოს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ლიეტუვას მხარდაჭერას, მათ მეგობრობას. ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ ორმა ქვეყანამ იმისათვის, რომ 2024 წელს საქართველო იყოს იმ პოზიციაზე, რომ განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ მთავარი მიზანი არის ეს და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ ლიეტუვას მხარდაჭერას აქვს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის შემდეგ.




კომენტარები:

ფართი შოპი