ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეებისთვის განმავითარებელი აქტივობების კრებული შემუშავდა

განათლება 04 Jan 2021 00:25

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის მოამზადა „განმავითარებელი აქტივობების კრებული“, რომელიც მოსწავლეებს წერითი, საკომუნიკაციო, შემეცნებითი და მოტორული უნარების განვითარებაში დაეხმარება.


სახელმძღვანელო, რომელიც ოთხი სხვადასხვა – კითხვითი, წერითი, თხრობითი და მათემატიკური - ნაწილისაგან შედგება, ხელს შეუწყობს მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში. ამასთან, კრებული პედაგოგებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებს მისცემს საშუალებას, დისტანციური სწავლებისას მოსწავლეებს სახლის პირობებში შესთავაზონ მათ ინტერესებზე მორგებული, მარტივი, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობები.


რაც შეეხება სკოლებს, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში შემუშავებული მრავალფეროვანი მეთოდები, სტრატეგიები, რესურსები და აქტივობები მათ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევაში დაეხმარება. სახელმძღვანელო „განმავითარებელი აქტივობების კრებული“ ხელმისაწვდომია 

ბმულზე: http://inclusion.ge/res/docs/20201231171803437.pdf


სამინისტროს პრიორიტეტს ყველა მოსწავლისთვის უწყვეტ, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზუნველყოფა და ინკლუზიური განათლების განვითარება წარმოადგენს. ამ მიმართულებით 2020 წელს ზოგადი განათლების სისტემაში არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის პრაქტიკული გზამკვლევი - „სკოლები პანდემიის დროს“, მომზადდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტენტის გადამზადების ონლაინ ტრენინგმოდული და გადამზადდა საჯარო სკოლებში დასაქმებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების 200-მდე ასისტენტი. გარდა ამისა, დისტანციური სწავლების პროცესში სპეცალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მომზადდა რეკომენდაციები მშობლებისთვის, შეიქმნა სარეკომენდაციო ვიდეორგოლები მასწავლებლებისთვის, ხოლო მულტიდისცპლინური გუნდის მიერ ხორციელდება სკოლების მხარდაჭერა, რაც გუნდის წევრების მიერ სპეციალური მასწავლებლების კოორდინაციას გულისხმობს. სსსმ მოსწავლეთა განათლებას ხელს უწყობს პროექტი „ტელესკოლაც“, სადაც გაკვეთილების დაგეგმვისას, სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციებით, გათვალისწინებულია აღნიშნულ მოსწავლეთა ინტერესებიც.



კომენტარები:

ფართი შოპი