"ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეფერხების თავიდან ასაცილებლად საჯარიმო სანქციების ნაცვლად უნდა ავამოქმედოთ ალტერნატიული და უფრო ეფექტური ინსტრუმენტები"

12 Feb 2018 12:43

ქართველ  ემიგრანტთა  საერთაშორისო  ცენტრი - ანა  ბალამწარაშვილი;


ათენის  ქართული  სახლი - დარეჯან  ღამბაშიძე;


ემიგრაციისა და დიასპორის საკითხთა საინიციატივო ჯგუფი - ირაკლი ღლონტი:


რეადმისირებულ პირთა წინააღმდეგ ჯარიმების დაწესებასთან დაკავშირებით:



_გვსურს გამოვეხმაუროთ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბატონი ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც უწყების მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის რეადმისირებულ პირთა მიმართ საჯარიმო სანქციების დაწესება.


მიგვაჩნია, რომ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმებები და ვიზალიბერალიზაცია ეს არის ქართული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელსაც სჭირდება დაცვა და გაფრთხილება, თუმცა იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ თითოეული რეადმისირებული პირი არის მძიმე სოციალური მდგომარეობის პირობებში მყოფი თანამოქალაქე, რომელიც იძულების წესით იქნა უკან დაბრუნებული, ჯეროვნად არ მივიჩნევთ ამ კატეგორიის ადამიანების წინააღმდეგ საჯარიმო სანქციების დადგენას. ვითვალისწინებთ რა მათ სოციალურ მდგომარებას, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი სანქცია მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ მათგანს. ჩვენთვის ასევე გაუგებარია საჯარიმო სანქციების ამოქმედების მიზნობრიობა, მაშინ, როცა 2015 წლიდან დღემდე ფუნქციონირებს საბიუჯეტო პროგრამა: ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების შესახებ", რომლის ბენეფიციარებიც სწორედ რეადმისირებული პირები არიან და არა ზოგადად ჩვენი ემიგრანტები. ვფიქრობთ, არასწორია მიდგომა, რომ ერთი სამინისტრო ახორციელებს რეადმისირებულ პირთა მიმართ სარეაბილიტაციო პროგრამას, ხარჯავს საბიუჯეტო სახსრებს და მეორე უწყება აყენებს აბსოლუტურად შეუსაბამო ინიციატივას, ამ პირთა მიმართ საჯარიმო სანქციების დადგენის თაობაზე, რასაც ვაფასებთ არსებითად შეუთავსებელ და გაუმართლებელ პოზიციად.


ზემოაღნიშნულის გარდა, მიგვაჩნია, რომ საჯარიმო სანქციები ვერ უზრუნველყოფს ვიზალიბერალიზაციის წინაშე მდგარი საფრთხეების გაქარწყლებას, სანაცვლოდ  შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ ახალი საფრთხე, როცა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი, უკვე ემიგრაციიდან იძულების წესით დაბრუნებული მოქალაქე ვალდებული იქნება გადაიხადოს ჯარიმა და ამ ვალდებულების შესასრულებლად მან შესაძლებელია მიმართოს  უკანონო საქმიანობას, რაც თავის მხრივ არსებითად დაამძიმებს ქვეყნის კრიმინოგენურ მდგომარეობას.


მიგვაჩნია, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეფერხების თავიდან ასაცილებლად საჯარიმო სანქციების ნაცვლად უნდა ავამოქმედოთ ალტერნატიული და უფრო ეფექტური ინსტრუმენტები, მათ შორის პრიორიტეტულად ვხედავთ მეტ დიპლომატიურ მუშაობას ქვეყნებთან და მთელი ძალისხმევის მიმართვას საქართველოს ეკონომიკის მეტი განვითარებისთვის.


მივმართავთ საგარეო საქმეთა მინისტრს, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ორგანიზაციები მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ ვიზალიბერალზიაციის წინაშე მდგარი გამოწვევების ანალიზისა და მათი ამოწურვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში, ასევე გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ უწყებასთან და გავუზიაროთ მოსაზრებები დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებით.


კომენტარები: