მეუფე გრიგოლი - ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება, ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ

რელიგია 06 Dec 2020 17:10

ღვთისმსახურების დროსაც კი სასულიერო პირები პირბადეებით, თუ ნიღბებით დგანან, ასევე მრევლი , - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, ამ ეტაპზე ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. მეუფე იმედს გამოთქვამს, რომ ეს განსაცდელი მალე გაივლის.


,,ჩვენ, რაც დადგენილია, ვცდილობთ, სწორედ ის ნორმები შევასრულოთ, უსაფრთხოება მაქვს მხედველობაში, რომ დაცული იყოს ადამიანები მათ შორის სასულიერო პირები. შემოდგომაც გავიდა და ზამთარი დადგა და ხედავთ, რომ ადამიანები იღუპებიან და ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც შეიძლება ადამინმა არასერიოზულად ისაუბროს და რაღაც ზღაპრები მოყვეს. ნუ, ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ გაივლის ეს განსაცდელი, გაივლის აუცილებლად, ამაზე უამრავი ადამიანი ფიქრობს, მუშაობენ სპეციალისტები და მჯერა, როგორც დღემდე ბევრი რამ დაძლეულა, დაიძლევა ესეც. ოღონდ საჭირო არის საერთო ძალისხმევა და გათვალისწინება ამ საფრთხეებისა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.


მეუფე გრიგოლის თქმით, ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შემთხვევაში, საკითხზე იმსჯელებენ და სპეციალისტების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.


მისივე თქმით, ამჟამად ეპარქიაში შემავალ ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა რეგულაციით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.


,,თუ დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, რა თქმა უნდა ამაზე ვიმსჯელებთ , თუმცა ჩვენ მაინც სპეციალისტებს ვუსმენთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს. ღვთისმსახურების დროსაც კი სასულიერო პირები პირბადეებით, თუ ნიღბებით დგანან, ასევე მრევლი. ამ ეტაპზე მეტი რა უნდა გავაკეთოთ, მე ვერ გეტყვით“,- აღნიშნა მან.


ამასთან მეუფე აღნიშნავს, რომ ლოცვას ვერავის აუკრძალავ.


„ზოგი სასულიერო პირი იზოლაციაშია სიფრთხილის გამო, ზოგი დაავადებულია, ინფიცირებულია და ზოგიერთ ადგილებში ღვთისმსახურების ჩატარების პრობლემაა, რადგან სასულიერო პირი ინფიცირებულია. სხვაგანაც, ევროპის ქვეყნებშიც, რა მდგომარეობაა და ამჯერად დაკეტვების ფონზე, ეკლესიები არ დაკეტილა, უფლება აქვთ ღვთისმსახურებისა, თუმცა გარკვეული შეზღუდული რაოდენობებით. ღვთისმსახურების შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ შევიდნენ და ილოცონ. ადამინს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.



კომენტარები:

ფართი შოპი