"სამუშაო ადგილები გვაქვს, ხალხი კი არ ჩანს" - მაია სიმონიძე

03 Feb 2018 22:43

ქუთაისში სამკერვალო კომპანია "იმერში"  50 ვაკანტური ადგილია მკერავის პოზიციაზე - მიუხედავად ვაკანსიის არსებობისა, მსურველები არ ჩანან.  


 "იძახიან, რატომ არ კეთდება ფაბრიკა-ქარხნები, აჰა, გავაკეთეთ და მერე რა ხდება? - საამქრო, რომელშიც ფული დავხარჯეთ და კრედიტს ახლაც ვიხდით, გავარემონტეთ, მანქანა-დანადგარები შევიძინეთ, ყელაფერი გავაკეთეთ ევროპული სტანდარტებით, ერთადერთი რაც გვაკლია, არის ხალხი",-აცხადებს საწარმოს ხელმძღვანელი მაია სიმონიძე.  


სამკერვალო ფაბრიკა ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს, სამუშაო პირობები ასეთია:  საშუალო ხელფასი 440 ლარი, სამუშაო დილის 9 -დან საღამოს 6 საათამდე, სამჯერადი შესვენება, მუშაობისათვის ხელსაყრელი გარემო, სეზონების მიხედვით, გათბობა და კონდენცირება.


რაც შეეხება ხელფასის ოდენობას, სიმონიძე ადასტურებს, რომ ანაზღაურება მაღალი არ არის, თუმცა, მისი თქმით, დამკვეთი მათ მხოლოდ კერვის - სამუშაოს შესრულების ღირებულებას უხდის და საწარმოს შემოსავლის 75% მხოლოდ ხელფასებში გადის. გარდა ამისა, საწარმოს სხვა ხარჯები აქვს გადასახადების სახით.


 


მისი თქმით, პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს:  "შემოსავლის 75% ხელფასებში მიდის, მეტი საშუალება ფაბრიკას არ აქვს. გასულ თვეში ხელფასები გაიცა 430-440- ლარის ოდენობით. თუ რაიმე შეიძლება,  შრომითი პირობების შექმნის მხრივ, ყველაფერი გვაქვს. როგორც ჩანს, გადამწყვეტი ფაქტორი ხელფასიც არ არის, დღეს ოჯახებიდან თითო წევრი მაინც არის უცხოეთში და მათი გამოგზავნილი ფულით არსებობენ... მეორე, შეიძლება ამ წლების განმავლობაში მოხდა შრომის რეჟიმის გადაჩვევა. ასევე, რაღაც ეპიდემიად არის ქცეული უცხოეთში წასვლა, ყველა ამბობს, რომ უცხოეთში უნდათ წასვლა, ისინიც კი, ვინც უკვე მუშაობენ, თუნდაც ბანკებში, რომელიც უფრო პრესტიჟულად მიიჩნევა,  მერე იქ რომ ჩადიან, ურთულესი პირობები ხვდებათ, მაგრამ წასვლა მაინც უნდათ", -აღნიშნავს სიმონიძე.


 

 


 

საწარმოს ხელმძღვანელის თქმით,  ამ ეტაპზე 50 ვაკანსია გამოაცხადეს,  თუმცა, რეალურად გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი აქვს, თუმცა ამ ეტამზე 50 ადამიანის გადამზადებას შეძლებენ. 


 ამ დროისათვის საწარმოში 500-მდე თანამშრომელი მუშაობს. კომპანია იტალიური და გერმანული ფირმების შეკვეთებზე მუშაობს. 


http://newpress.ge

ავტორი: ირინა მაკარიძე


კომენტარები:

ფართი შოპი