სოსო ცისკარიშვილი - „ასვალტოიდი“ თუშის ამბავი, რომელიც 6 თვის მანძილზე უსახელოდ იზრდებოდა

17 Jun 2017 13:37


ამბობს, რომ ერთი „ასვალტოიდი“ თუშია, რადგან,  მთა-თუშეთში ასვლა, პირველად,  მხოლოდ 64 წლის ასაკში მოახერხა.  თუშებს, მისდამი  გენეტიკური წყენაც ჰქონიათ, რადგან ბაბუამისს, თავის დროზე ცოლად იმერელი ქალი მოუყვანია, იმ პერიოდის თუშები, კი თუ ქალი თუში არ იყო, ქართველად არ თვლიდნენო. ასეთ ვალში ვარ თუშებთან და არც კი ვიცი, ვარ თუ არა ამ ვალის გამსტუმრებელიო, - გვეუბნება.

დაიბადა და  6 თვის მანძილზე სახელი ვერ დაარქვეს.  იმ დროს ქვეყანაში სტალინის კულტის პიკი იყოო, იხსენებს...

„მამაჩემს სურდა საკუთარი მამის სოსო ცისკარიშვილის სახელი დაერქმია ჩემთვის, მაგრამ სტალინის კულტის ზეობის დროს არ უნდოდა, ვინმეს ეფიქრა, რომ ბელადის სახელს მარქმევდა, იმ ბოლშევიკთა ბელადის, რომლებმაც 1924 წელს  სიღნაღში  პაპაჩემი სოსო ცისკარშვილი დახვრიტეს.  6 თვის მერე უთქვამს – წლების მერე სტალინი ხომ არ იქნება ამქვეყნად, მამაჩემი კი კვლავ მამაჩემად იქნებაო მოხსენიებული და დამარქვა სოსო“,-გვიყვება  სოსო ცისკარიშვილი.

როგორც იხსენებს, პირველად მათ შექმნეს საქართველოში Public relations -ის ცენტრი. მაშინ ეს ტერმინიც კი ყველასთვის უცნობი იყო. ამ დროს, საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები მოდიოდნენ ჩვენთან, რათა ენახათ ჩვენი ფაბრიკის პროდუქცია, Public relations -სა და ფაბრიკას შორის განსხვავებას ვერ ხედავდნენო, მერე ხომ ხედავთ, როგორი პოპულარული გახდა ქვეყანაში ეს რაღაცო,  აღნიშნავს...

მასთან საუბარი, სწორედაც,  ქვეყანაში გამაფებული ექსპერტთა ბუმით დავიწყეთ...



 

საქართველო და ექსპერტები

 

საქართველოში დღეს იმდენი ექსპერტი გვყავს, რამდენი მსურველიცაა. ტერმინი „ექსპერტი“ მას მერე გახდა პოპულარული, რაც 2008 წლის ოქტომბერში  „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი“ დავაფუძნეთ, რომელმაც უმალ დააფრთხო იმ დროს არსებული ხელისუფლება. ორი კვირის მერე მთავრობამ თავად გამოიჩინა ინიციატივა და შექმნა „ექსპერტთა კლუბი“. ამით სურდათ, კონკურენცია გაეწიათ „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბისთვის“, რომლის წევრიც ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, ხოლო სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ „ექსპერტთა კლუბში“ სახელმწიფო უშიშროების საკითხებში და უშიშროების კომიტეტის წარჩინებულნი გაერთიანდნენ. მე მგონია, რომ ექსპერტთა დამრქმევნი არანაკლები არიან თავად ექსპერტებზე. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ექსპერტული აზრი ყველაზე დეფიციტურია დღეს საქართველოში.

მახსოვს, ჩვენ შევქმენით პირველად საქართველოში Public relations -ის ცენტრი. მაშინ ეს ტერმინიც კი ყველასთვის უცნობი იყო. ამ დროს, საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები მოდიოდნენ ჩვენთან, რათა ენახათ ჩვენი ფაბრიკის პროდუქცია. Public-სა და ფაბრიკას შორის განსხვავებას ვერ ხედავდნენ. იყო ეს დროც. მერე ხომ ხედავთ, როგორი პოპულარული გახდა ქვეყანაში ეს რაღაც. მართალია, ჩვენს ხელისუფლებას ცოტა გერად მიაჩნია ეს მიმართულება, მაგრამ უამისობაც არცერთ ხელისუფლებას არ წაადგება კარგად.


„ნამდვილი ექსპერტი“

ნამდვილი ექსპერტი სახელებით და გვარებით არ განისაზღვრება. თვითონ ტერმინი „ექსპერტი“ არ არის რაიმე სამართლებრივი დატვირთვის მატარებელი. ზოგჯერ ვღიზიანდებით, როცა ამ სახელით მოგვმართავენ, ზოგჯერ კმაყოფილებას გამოვხატავთ... 

 

„სახელისუფლებო ექსპერტი“

სახელისუფლებო ექსპერტი ერთ-ერთი ყველზე დამაკნინებელი ტერმინია, რაც კი შეიძლება ადამიანს არგუნოს მკითხველმა ან მსმენელმა. თუ გინდა, რომ ხელისუფლებას აამო, მაშინ უმჯობესია, სახელმწიფო სამსახური ეძიო და უბრალოდ უერთგულო, რადგან დღეს კადრების შერჩევა ხდება ერთგულების ნიშნით და არა პროფესიული ნიშნით.

 

ბავშვობა და ოჯახი

1948 წელს დავიბადე, ამ დროს ქვეყანაში სტალინის კულტის პიკი იყო...

რომ დავიბადე, 6 თვის მანძილზე სახელი ვერ დამარქვეს. მამაჩემს სურდა საკუთარი მამის სოსო ცისკარიშვილის სახელი დაერქმია ჩემთვის, მაგრამ სტალინის კულტის ზეობის დროს არ უნდოდა, ვინმეს ეფიქრა, რომ ბელადის სახელს მარქმევდა, იმ ბოლშევიკთა ბელადის, რომლებმაც 1924 წელს  სიღნაღში  პაპაჩემი სოსო ცისკარშვილი დახვრიტეს.  6 თვის მერე უთქვამს – წლების მერე სტალინი ხომ არ იქნება ამქვეყნად, მამაჩემი კი კვლავ მამაჩემად იქნებაო მოხსენიებული და დამარქვა სოსო.

 

კარიერა

ჩემი  მეგობრები ხუმრობენ, რომ უფრო ხშირად მათავისუფლებდნენ სამსახურებიდან, ვიდრე მნიშნავდნენ.

როგორც კი სახელმწიფო თანამდებობაზე დამნიშნავდნენ, დედაჩემი მებუტებოდა და ამ ამბით სულ შეწუხებული იყო ხოლმე, ხოლო როცა ამა თუ იმ თანამდებობიდან მიშვებდნენ, ჩემი თანაკლასელები გაშლილი სუფრით მხვდებოდნენ. 

სხვადასხვა დროს მიშვებდნენ სხვადასხვა თანამდებობებიდან და არც ერთი ჩემი განრიდება არ ყოფილა მიჩუმათებული, მაგრამ ყველაზე ხმაურიანი იყო მეცნიერებათა და ტექნიკის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება, რაც უკავშირდება თენგიზ აბულაძის შედევრს „მონანიებას“.

 

საქართველოს პრეზიდენტები

როდესაც ორი პრეზიდენტის მერე ახალგაზრდა კაცი, სააკაშვილი მოვიდა თანამდებობაზე, ამ ფაქტს დიდი აღტაცებით შევხვდი. ვფიქრობდი, რომ ახალგაზრდები შეძლებდნენ, ქვეყანა უფსკრულიდან ამოეყვანათ. სააკაშვილთან ერთი თხოვნა მქონდა მაშინ, რომელიც მან არ შეასრულა. როგორც კი პრეზიდენტი გახდა, ერთი კვირის მერე ვახშამზე მიმიწვია. ვსაუბრობდით... დამშვიდობებისას მკითხა, ხომ არ მქონდა მასთან რაიმე რჩევა ან თხოვნა. მე ვთხოვე - ნუ გაიმეორებ შენი ორი წინამორბედი პრეზიდენტის შეცდომას და ნუ აღმოჩნდები შენი გარემოცვის გამო პოლიტიკურ საფლავში. შენ არავის მიმართ არ გაქვს ვალდებულებები, რაც გაიძულებს, ის აკეთო, რაც შენთვის და შენი ქვეყნისთვისაა მიუღებელი-თქო. მისი პასუხი გამაოგნებელი აღმოჩნდა. მან სრულიად გულწრფელად მითხრა – ბატონო სოსო, რომ იცოდე, რა ხალხი მყავს „ნაციონალურ მოძრაობაში“,  ყველას თუ არ მივხედე და ყველა არ დავაბინავე, ამ ქვეყანაში არც მე დამედგომება და არც თქვენო.

გაოგნებული წამოვედი, კრინტი არ დამიძრავს. მას მერეც ნახევარი წლის განმავლობაში არ გამიკრიტიკებია ახალბედა პრეზიდენტი, რომელსაც ტაშს უკრავდა მისი გარემოცვა. 

ამის მერე სააკაშვილმა გაითავისუფლა გარემო და გვერდით დაიყენა თანამზრახველები, რის შემდეგაც მე მის კრიტიკას არ მოვრიდებივარ, სააკაშვილის და მისი ხელისუფლების კრიტიკის 10-წლიანი სტაჟი მაქვს, რაც არ იყო მათთვის კარგი მოსასმენი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამ წლების განმავლობაში  ჩემს მიმართ არცერთი უდიერი გამონათქვამი, არც ერთი შანტაჟის მცდელობა და უსაფუძვლო საყვედური არ ყოფილა. საკმაოდ დელიკატურად აღიქვამდნენ ჩემს კრიტიკას. მე ამ წლების განმავლობაში მათთან ისეთი ურთიერთობა შევინარჩუნე, როგორიც შეეფერებათ მათი მშობლების შვილებს და არა როგორც პოლიტიკოსებს. მათთან ასეთი ურთიერთობა კი, შესაძლოა, ძალიან ბევრმა ექსპერტმა ინატროს. 

რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს -  ედუარდ შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი ვიყავი.

მე ისე დავინიშნე პირველ თანამდებობაზე, კომიტეტის თავმჯდომარედ, რომ  შევარდნაძესთან კონტაქტი არ მქონია. მერეც ურთიერთობა მქონდა დაუსწრებელი ფაკულტეტის სტუდენტის მსგავსად. გამსახურდიას საქართველოდან წასვლის მერე მომიწია მოსკოვში ჩასვლა, თენგიზ სიგუასთან ერთად, მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე შევარდნაძესთან მიჰქონდათ ამბავი, თითქოს მე ვიყავი მისი საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი. დააჯერეს შევარდნაძე - ყველას უნდიხარ საქართველოში, სოსო ცისკარიშვილის გარდაო. მან იცოდა, ვინ ვიყავი, ჩემი სიმამრის დიდი დამსახურებაა, რომ შევარდნაძემ პოლიტიკური კარიერა წარმატებით გაიარა ჯერ კიდევ კომკავშირლობის პერიოდიდან მოყოლებული.

 მე მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი არ ვიყავი, მაშინდელ საკადრო  რეალობაში მე შევარდნაძეზე უკეთესი არავინ მეგულებოდა. შევარდნაძის ფასი მომავალში  უფრო ამაღლდება, რადგან დადგება ჟამი, როცა მხოლოდ მის პოზიტიურ ქმედებებზე ისაუბრებენ.

 

ცხოვრებისეული შეცდომები

ნამდვილად არ ვარ საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო. ჭკუასუსტი კმაყოფილების გამოვლინებაც არ არის ეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაქვს სიმდიდრე, რომელსაც სინდისის ქენჯნის გარეშე დავუტოვებ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს.

 გარკვეულ პასიურობას ვთვლი შეცდომად. იყო პერიოდი, როცა უფრო აქტიური უნდა ვყოფილვიყავი. იმ სასჯელის გამო, რომელიც მივიღე ფილმ „მონანიების“ ასლის შექმნისას, ვერ მოვახერხე სადისერტაციო ნაშრომის შექმნა, იმიტომ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ მომცეს დახასიათება, რომელიც საჭირო იყო გაფორმებისთვის.

 

ვინ არის სოსო ცისკარიშვილი?

ვარ ერთი „ასვალტოიდი“ თუში.  ჩემდა სამწუხაროდ, მხოლოდ 64 წლის ასაკში პირველად მოვახერხე მთა-თუშეთში ასვლა. თუშებს ჩემდამი გენეტიკური წყენა აქვთ. ბებიაჩემი  იმერელი იყო და ამბობდნენ, რომ პაპაჩემმა თუშებს უღალატა და ქართველი ქალი არ მოიყვანაო. იმ პერიოდის თუშები, თუ ქალი თუში არ იყო, ქართველად არ თვლიდნენ და ამის გამო იყვნენ გაბრაზებულები. ასეთ ვალში ვარ თუშებთან და არც კი ვიცი, ვარ თუ არა ამ ვალის გამსტუმრებელი.

მთას თუ ზურგს შევაქცევთ, მერწმუნეთ, მალე ქართული სალოცავები მთებში იშვიათობა იქნება, რადგან უკვე მთა-თუშეთის ქედებზე მკაფიოდ ჩანს ისეთი ნაგებობები, რომლებსაც სრულიად არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანობასთან. თუ რაიმეს ვუთვლი შეცდომად ჩემს თავს, ეს არის ურთიერთობის დეფიციტი თუშებთან.


 

წყარო: REPORTIORI.GE

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი