„ის, რაც ხდება დღეს, არის მოქმედი რგოლების დაბალკვალიფიციურობის შედეგი, დაბალკვალიფიციური სპეციალისტი კი საქმეს ვერ გამოიძიებს სწორად და სამართლიანად“ - მამუკა ტუსკაძე

ხალხის ხმა 29 Sep 2020 03:49

მამუკა ტუსკაძე:


"ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულებები და ვიცით, როგორ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემის გაკეთილშობილება. აქ არაა საუბარი მხოლოდ სასამართლოზე. ეს ერთ-ერთი რგოლია მხოლოდ ამ სისტემის. ვგულისხმობ შსს-ს, ანუ საგამოძიებო ორგანოებს, შემდეგ - პროკურატურას და ბოლოს - სასამართლოს. არის კიდევ სასჯელაღსრულება და ადვოკატურა. ანუ სულ 5 ძირითადი რგოლია, რომელთა რეფორმირება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. არის კიდევ მეექვსე რგოლი - დაზარალებული. სწორედ იმ ხუთმა რგოლმა უნდა აღადგინოს სამართლიანობა მეექვსე რგოლისთვის და მოახერხოს სხვა დანაშაულებების პრევენცია. ხოლო თუ დანაშაული მაინც მოხდება, სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი - დანაშაულის ადეკვატური. „გამომძიებელმა არ უნდა თქვას „მერე რა“, რეაგირება მისი მხრიდან  უნდა იყოს მყისიერი“ რეფორმის განხორციელება კი უნდა დაიწყოს პირველი საფეხურიდან... რა ხდება პირველ საფეხურზე? ივსება ფორმა 1 და იწყება გამოძიება რაღაც ფაქტზე ან ინფორმაციაზე დაყრდნობით. ანუ რეაგირება გამომძიებლის მხრიდან უნდა იყოს მყისიერი.  გამომძიებელმა არ უნდა თქვას სიტყვა „მერე რა“, მეტიც, არც კი უნდა გაიფიქროს ამაზე... მერე რა, რომ მოვიდა ინფორმაცია არა დანაშაულის, არამედ შესაძლო ფაქტის შესახებ. ამ დროს პასუხისმგებელმა პირმა ფეხები კი არ უნდა შემოაწყოს მაგიდაზე და სიგარეტის მოწევით კი არ უნდა გაირთოს თავი, მაშინვე უნდა გადავიდეს საქმეზე. როდესაც სუსტია პირველი დონის გამოძიება და შეიძლება თამამად ვთქვა, რომ დღეს ნამდვილად დგას შსს-ს თანამშრომელთა კვალიფიკაციის საკითხი (ბუნებრივია, ყველას არ ვგულისხმობ), ვერ ხდება საქმის სწორად წარმართვა, სწორად გამოძიება. დაბალკვალიფიციური სპეციალისტი საქმეს ვერ გამოიძიებს სამართლიანად. ავიღოთ, თუნდაც, ბოლო დროის მკვლელობები - შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეები... ის, რაც ხდება დღეს, არის დაბალკვალიფიციურობის შედეგი.


გამომძიებელი საქმის აღძვრის საკითხს ათანხმებს პროკურორთან.  ხდება ისეც, რომ არ იწყება საქმე იქ, სადაც დასაწყებია. რთული გამოსაცნობი არაა, რატომ... შესაძლოა, გამომძიებელმა, ისევ არაკვალიფიციურობის გამო, მიაწოდა არასწორი ინფორმაცია. ამის ძალიან მაღალი პროცენტი არსებობს. ან პირიქით, დაიწყო საქმე იქ, სადაც არ უნდა დაწყებულიყო... და კიდევ, შესაძლოა, პროკურორის მიერ ნებართვის გაცემის მიუხედავად, დაწყებული გამოძიება შეწყდეს შუა გზაზე, ვერ მივიდეს სასამართლომდე. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან სუსტი აღმოჩნდეს ბრალდების მხარე.


შემდეგი რგოლია პროკურატურა. ეს რგოლი ოდნავ ძლიერია წინაზე, მაგრამ აღნიშნული ფაქტი არაა საკმარისი საერთო შედეგისთვის. პროკურატურას აქვს უფლება, არ დაეყრდნოს სუსტი გამომძიებლის მიერ მიწოდებულ მასალებს და თვითონვე ჩაატაროს გამოძიება. მაგრამ ამას არ აკეთებს. რატომ? იმიტომ, რომ ისიც სუსტია.


სააკაშვილის დროს გვყავდა პოლიტიკური პროკურატურა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთებზე მუშაობდა. იგივე პროკურატურა გვყავს დღესაც. სამასზე მეტი პროკურორია დღეს საქართველოში და სამასიდან ორას ორმოცდაათი რეჟიმის მომსახურე იყო, არის და იქნება. თუ ჩვენ ამ მიმართულებითაც რეფორმებს არ გავატარებთ, სიტუაციის გამოსწორება ვერ მოხერხდება, ქვეყანა ვერ განვითარდება.


ახლა ავდივართ მომდევნო ეტაპზე - ესაა სასამართლო. ამ რგოლზე უკვე ვილაპარაკე, მაგრამ მაინც გავიმეორებ. ძალიან რთულ სიტუაციას ვაწყდებით.  ცუდად გამოძიებულ საქმეს სასამართლო კიდევ უარესს უკეთებს. გადაწყვეტილება გამოაქვს მხოლოდ გარკვეული ვიწრო ჯგუფების ინტერესებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში, ეს პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. შეიძლება ისეთი დიდი მასშტაბითაც არ ხდებოდეს მსგავსი ფაქტები, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ... ფაქტები მაინც არის...  მაგალითად, შეიძლება ბევრი არაპოლიტიკური ფიგურა არასათანადოდ დასაჯონ, იმიტომ, რომ საქმე გახმაურებულია. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ გამომძიებელი ჩოლოიანი. მე მის საქმეს ვიცნობ. მას არ მიუძღვის ბრალი იმ ბავშვის გარდაცვალებაში, მაგრამ სამი წელი მისცეს ქალს, იმიტომ, რომ გახმაურებული საქმე იყო. არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, გარდა ზეპირი ჩვენებისა, რომ რამდენიმე სიტყვა ზედმეტი უთხრა და უყვირა ბავშვს. არ იყო ეს გამოძიება ობიექტური. მაგრამ იყო გახმაურებული. შაქარაშვილის ამბავზე არის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც მკვლელობა არ ჩაუდენია, არ უმოქმედია, არავინ უცემია. არ ვამბობ, რომ ისინი უდანაშაულოები არიან. მაგრამ ზოგი ცრუ ჩვენებისთვის უნდა ჩაესვათ, ზოგი - ინფორმაციის დამალვისთვის. მათ კი მკვლელობის ბრალდება აქვთ. ამის დამტკიცება გაუჭირდებათ სასამართლოზე, იმიტომ, რომ რეალურად არავინ მოუკლავთ.  იმის თქმა მინდა, რომ მარტო იმიტომ, რომ გახმაურებული საქმეა, ადამიანი არ უნდა ჩასვა ციხეში იმ ბრალდებით, რომელიც არ ჩაუდენია. თითოეული უნდა დაისაჯოს ადეკვატურად. ეს გამოძიების სისუსტეა. ამიტომაც ვამბობ, რომ გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდის საფუძველზე სამსახურში აყვანა, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. თითოეულ თანამშრომელს უნდა მიეცეს სწავლის და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება. ვინც ვერ გაივლის გამოცდას, ან უნდა გავუშვათ სხვა რგოლში, ან გავათავისუფლოთ. ძლიერი სპეციალისტი - ეს ძლიერი ქვეყნის უპირობო საჭიროებაა."



კომენტარები:

ფართი შოპი