კახა კახიშვილი: ჩემი და ჩემი გუნდისთვის ხალხის კეთილდღეობა პრიორიტეტია, ამიტომ, ჩემი საარჩევნო პროგრამაც ისნის რაიონის თითოეულ ადამიანზეა მორგებული

პოლიტიკა 24 Sep 2020 13:02

"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა, საარჩევნო პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული ინიციატივის პრეზენტაცია გამართა. 


"ისნის რაიონში თემატური ჯგუფების ჩამოყალიბების სამოქმედო გეგმა წარვადგინე, რომელმაც დამსწრე საზოგადოების მხარდაჭერა დაიმსახურა."- წერს კახიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 


დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, პროექტის მიხედვით, შეიქმნება სხვადასხვა სფეროს შესაბამისი თემატური ჯგუფები, როგორიცაა, მაგალითად, ბაგა-ბაღების წარმომადგენელთა, სკოლების, შშმ პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ვეტერანთა, ახალგაზრდობის მხარდამჭერთა, ამხანაგობების თავმჯდომარეებისა და სხვა თემატური ჯგუფები, რაც იქნება გამგეობისა და მაჟორიტარის ბიუროს მუშაობის გამჭვირვალობის, საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის განმსაზღვრელი ორგანო.


"თემატურ ჯგუფში გაერთიანდებიან ერთი და იმავე სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც პირდაპირი კომუნიკაცია ექნებათ მაჟორიტართან. რაც გულისხმობს - პერიოდულად ჯგუფის წევრების შეხვედრას დეპუტატთან, სადაც განიხილება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელიც კონკრეტულ ჯგუფს აწუხებს. პრობლემები განსხვავებულია და განსხვავებულია მათი გადაჭრის გზებიც. ამიტომ, შესაძლებლობის ფარგლებში, განისაზღვრება მათი პრიორიტეტულობა, რის შემდეგაც გუნდთან ერთად დაიწყება საკითხზე მუშაობა. ასევე, განიხილება ახალი ინიციატივები და წინადადებები, რომლებიც დაკავშირებული იქნება კონკრეტული თემატური ჯგუფის ინტერესებთან.


ამასთან, პერიოდულად გაიმართება ჯგუფების საერთო სხდომები, სადაც შეჯამდება განხორციელებული პროექტები და განიხილება სამომავლო გეგმები, ასევე, რაიონის განვითარებისთვის საჭირო რეფორმები, რომლებიც პრიორიტეტული პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარების საშუალება იქნება.


ჩემი და ჩემი გუნდისთვის ხალხის კეთილდღეობა პრიორიტეტია, ამიტომ, ჩემი საარჩევნო პროგრამაც ისნის რაიონის თითოეულ ადამიანზეა მორგებული.


მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს - გიორგი ტყემალაძეს, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს - ბექა დავითულიანსა და აქ მყოფ თითოეულ ადამიანს, პრეზენტაციაში მონაწილეობისა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილისთვის."- წერს კახიშვილი





კომენტარები:

ფართი შოპი