დაბადების დღეს გილოცავთ - გენერალო!

31 Jan 2018 01:59

შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი, დაბადების დღეს ულოცავს არმიის თადარიგის გენერალ ლეიტენანტ დავით თევზაძეს. ვუსურვებთ - სიკეთეს, ჯანმრთელობას და ყოველივე კარგს.


    ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გენერალ ლეიტენანტი დავით თევზაძის ღვაწლი ცოდნა და გამოცდილება შეუფასებელია ქართული არმიის აღმშენებლობის საქმეში.


    ორგანიზაცია მოუწოდებს თავდაცვის სამინისტროს - შექმნას ფორმატი, სადაც გამოცდილების გაზიარების ფარგლებში ოფიციალურად მიიღებს რჩევებს და რეკომენდაციებს უმაღლესი რანგის თადარიგში მყოფი სამხედრო პირებიდან.
 

დავით თევზაძის ბიოგრაფია


    დავით დავითის ძე თევზაძე დაიბადა 1949 წლის 30 იანვარს, ქ. სოხუმში. სკოლის დასრულების შემდეგ, 1966 წელს, დავით თევზაძე ირიცხება თბილისის სახ. უნივერსიტეტში, ფილოსოფიისა და ფსილოლოგიის ფაკულტეტზე, ფილოსოფიის სპეციალობით, ხოლო 1971 წელს საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ , 1975 წელს, დავით თევზაძე მუშაობას აგრძელებს ამავე ინსტიტუტში ჯერ უმცროს, ხოლო შემდეგ, უფროს მეცნიერ თანამშრომლად. პარალელურად ის სწავლას აგრძელებს თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1983 წელს კიევში იცავს საკანდიდატო დისერტაციას . ამავე პერიოდს განეკუთვნება მისი დაინტერესება აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებით. 1989 წელს, მისი უშუალო მონაწილეობით, იქმნება ქართულ და აღმოსავლურ ორთაბრძოლათა ასოციაცია და ის ხდება ამ ასოციაციის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

     1983-92 წლებში, საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მუშაობის პარალელურად, თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში დავით თევზაძე კითხულობს ლექციების კურსს ლოგიკასა და ფილოსოფიის ისტორიაში, მონაწილეობს საკავშირო და საეთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, აქვეყნებს ოცამდე შრომას და პროზაული მინიატურების კრებულს.
   
    1991 წელს დავით თევზაძე მოხალისედ უერთდება საქართველოს ეროვნულ გვარდიას, ხოლო 1993 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. მონაწილეობს საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში . მხედრული მამაცობისათვის, 1993 წელს, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასალის პირველი ხარისხის ორდენით. საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, დავით თევზაძე სამხედრო განათლების მისაღებად იგზავნება იტალიაში (1994წ.), გერმანიაში (1995 წ.) და ამერიკის შეერთებულ შტატებში (1996-97 წ.წ.). აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ის ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსად, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1998 წლიდან, საქართველოს თავდაცვის მინისტრად და შეირაღებული ძალების მთავარსარდლად.

    2004 წლიდან, გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე გადის თადარიგში და უბრუნდება პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობას. აგრძელებს აქტიურ საზოგადოებრივ მუშაობას: მონაწილეობს რამდენიმე საზოგადოების დაფუძნებაში, არის საქართველოს გენერალთა კლუბის იდეის ავტორი და თანადამფუძნებელი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი, ევროპულ იდეათა შესწავლის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ვიცე რექტორი და საერთაშორისო ურთიერთობათა და უსაფრთხოების კვლევათა პროგრამების ლიდერი. მისი თაოსნობით უნივერსიტეტში იხსნება სტრატეგიულ შეფასებათა ინსტიტუტი და ფუძნდება ჟურნალი სტრატეგიული კვლევები. 2009-2013 წლბში, საქართველოს სტრატეგიულ გარემოს კვლევის პროექტის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის მიერ, ორგანიზაციას უკეთებს ოთხ საერთაშორისო კონფერენციას. მისი ავტორობით იქმნება სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა უსაფრთხოების კვლევებში, რომლის აკრედიტაციის შემდგომ(2009), უსაფრთხოების კვლევები ასახვას ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში პოულობს. 2011-12 წლებში, IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის სტრატეგიულ შეფასებათა ინსტიტუტის ბაზაზე დავით თევზაძის მიერ იქმნება სტრატეგიულ შეფასებათა ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს სტრატეგიული გარემოს დინამიკის კვლევაზე.
   
    2015 წლის აპრილში დავით თევზაძე აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას „საქართველო მშვიდობისათვის, ხლო იმავე წლის 11 ოქტომბერს, საზოგადოების ბაზაზე ფუძნდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მშვიდობისათვის“, რომლის პირველ თავმჯდომარედაცაა არჩეული. დავით თევზაძე ცხოვრობს თბილისში. ჰყავს მეუღლე და 6 შვილი.

კომენტარები: